English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
ვირტუალური ტურიზმის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება დღეისათვის ისეთ პოპულარულ პრობლემას, როგორიცაა ტურიზმი ზოგადად, და მისი ვირტუალური ფორმა კერძოდ. შედარებულია რა ერთმანეთს ტურიზმის კლასიკური და ვირტუალური სახეობები, განხილულია თითოეული მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე ხაზია გასმული სწორედ პანდემიის პირობებში, ვირტუალური ტურიზმის, როგორც მოგზაურთათვის ყველაზე მოსახერხებელი და კომფორტული სერვისის, განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. აღნიშნულია, რომ ვირტუალური ტურიზმის განვითარება წამოუდგენელია ციფრული ტექნოლოგიების გარეშე. ასევე განხილულია საქართველოში VR ტურიზმის განვითარების დღევანდელი მდგომარეობა და მომავალი პერსპექტივები.

საკვანძო სიტყვები: ვირტუალური ტურიზმი, ვირტუალური ტური, 3D მოგზაურობა, 3D პანორამა, Vrex აპლიკაცია. 

* * *

მკაცრი კონკურენციის პირობებში ტურისტული ფირმები იძულებულნი ხდებიან ეძებონ კონკურენტული ბრძოლის ახალი ფორმები. ამ პროცესში უდიდეს მნიშვნელობას იძენს ინოვაციური ტექნოლოგიების, კერძოდ, ინტერნეტ ტექნოლოგიების დანერგვა.

თანამედროვე ტურპროდუქტი უფრო მოქნილი და ინდივიდუალური, უფრო მიმზიდველი და ხელმისაწვდომი ხდება. დღეს ტურიზმის ახალ სახეობათა შორის განსაკუთრებულია ვირტუალური ტურიზმი, როდესაც ვირტუალური რეალური ხდება, ხოლო რეალური  − ვირტუალური.

ერთმანეთისაგან უნდა გავარჩიოთ ტურიზმის კლასიკური და ვირტუალური ფორმები. ჩვეულებრივი მოგზაურობის დროს, როცა ზუსტადაა დადგენილი ვიზიტის საბოლოო მიზანი: მუზეუმი, კულტურული ძეგლი, რესტორანი, ოტელი თუ სხვ.. გზაში ტურისტი ნახულობს სხვადასხვა ახალ, მისთვის უცნობ ადგილს და იღებს დამატებით შეგრძნებებს და კომპლექსურ შთაბეჭდილებებს. ვირტუალური ტურის შემთხვევაში კი, იგი პირდაპირ იმ ადგილზე ხვდება რაც აინტერესებს და საშუალება აქვს დაწვრილებით დაათვალიეროს შერჩეული ობიექტის ყოველი დეტალი, თანაც მრავალჯერ. ვირტუალური ტურიზმი ანაცვლებს რეალურ მგზავრობას. ამგვარი „მოგზაურობა“ უფრო კომფორტული და მოსახერხებელი, უსაფრთხო და სწრაფია. Bloomberg-ის ცნობით, 2020 წელს მსოფლიო მასშტაბით დასვენების საშუალებები შეიცვლება და ისინი უფრო ვირტუალური და ეკოლოგიურად სუფთა გახდება. მათ მრავალი უპირატესობა გააჩნია:

- შესაძლებელია დასათვალიერებელი ობიექტის უწვრილესი დეტალების დათვალიერება;

- ეხმარება რეალური მარშრუტის გავლის პროცესს, რადგან ვირტუალურად ამ მარშრუტის დაწვრილებითი შესწავლა წინასწარაა შესაძლებელი;

- დროის ეკონომია როგორც მომხმარებლის, ისე ტუროპერატორისთვის.

მგზავრობის მიზნების მიხედვით განირჩევა ვირტუალური ტურიზმის საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი, სამეცნიერო, ეგზოტიკური სახეობები.

თვითონ ტურისტებიც შეიძლება იყვნენ ვირტუალური ვაგანტები, ე. წ. ტრუბადურები, ექსტრემალები, კოლექციონერები, პილიგრიმები და სხვ.

ვირტუალური ტურების ორგანიზება ხდება  3D ტექნოლოგიების დახმარებით (კეთდება ე. წ. 3D პანორამა − სპეციალური ფოტო, რომელიც სრულად მოიცავს რაიმე ობიექტის 3600-იან ჰორიზონტალურ და 1800-იან ვერტიკალურ გამოსახულებას).

ვირტუალური ტურიზმის დადებითი მხარებია:

- პირადი რესურსების მინიმალური ხარჯები, ხშირად კი საერთოდ უფასოდ „მოგზაურობა“;

- იმ ადგილების მონახულება, სადაც ფიზიკურად მოგზაურობა შეუძლებელია, მაგ., ევროპელ გაუთხოვარ ქალბატონებს ეკრძალებათ ზოგიერთ მუსულმანურ ქვეყნებში ჩასვლა, მოზარდებს არ გააჩნიათ უცხოური პასპორტი, ინვალიდებს, მოხუცებს, მრავალშვილიან მშობლებს, შშპ და ა.შ.;

- მოგზაურობის აბსოლუტური უსაფრთხოება;

- უცხო ენის არცოდნა ხელს არ უშლის მოგზაურს, სრულყოფილად გაეცნოს საინტერესო ტურობიექტს.

ვირტუალური ტურების მომხმარებლები თუ ხშირად ინდივიდები არიან, მწარმოებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ეკონომიკური ობიექტი - ერთი მხრივ ბიზნესი, რომელიც მოგზაურობის უშუალო ორგანიზებას ახდენს, მეორე მხრივ კულტურული ან საგანმანათლებლო, ან სპორტული დაწესებულება. ამ შემთხვევეში ორივე მხარეა მოგებაში. დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ მომხმარებელმა ონლაინ მოგზაურობის შემდეგ ობიექტის რეალური მონახულება ისურვოს, რადგანაც, როგორც წესი, ვირტუალური მონახულების შემდეგ უფრო მეტად ძლიერდება ამა თუ იმ ობიექტის საკუთარი თვალით ნახვის სურვილი.

ითვლება რომ, კოვიდ პანდემიით ყველაზე მეტად ეკონომიკის ტურისტული დარგი დაზარალდა: მკაცრი კარანტინები ყველაზე მტკივნეულად სწორედ ამ დარგს შეეხო. თუმცა ისიც ცნობილია, რომ როდესაც დარგი კრიზისის რეალური საფრთხის წინაშე დგება, მაშინ ყველაზე აქტიურად იწყება გამოსავლის ძიება და შესაბამისად ინოვაციების ფართოდ მოძიება და გამოყენება. ტურისტულ ინდუსტრიაში ასეთ გამოსავლად მისი ვირტუალური ფორმა იქცა. დღეს, როცა მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი ნაწილი იზოლაციაშია, ვირტუალური ტურები წარმატებით ანაცვლებს არა მარტო მოგზაურობის მოყვარულთა სურვილს, მოინახულონ სხვა ქვეყნები, არამედ არააქტიურ მოგზაურებსაც საშუალება ეძლევათ „დაარღვიონ“ იზოლაციის რეჟიმი და „სახლიდან გავიდნენ“.

სპეციალისტები აღნიშნავენ ვირტუალური ტურიზმის კიდევ ერთ დადებით მხარეს: ტურისტების დიდი ნაკადების უარყოფითი გავლენის შემცირებას გარემოზე.

ვირტუალური 3D ტურები ფართოდ გამოიყენება ტურიზმის მარკეტინგულ სტრატეგიაში - ისინი უფრო მეტად ფართოდ აღქმადია, ვიდრე ვიდეო ან ფოტო გამოსახულება.

ვირტუალური ტური შეიძლება გახდეს რეგიონის ან ცალკე ობიექტის იმიჯის ელემენტი, მისი სავიზიტო ბარათი. ვირტუალური 3D პანორამა რეალურ უპირატესობას იძლევა კონკურენტთან შედარებით. იგი შეიძლება გახდეს მარკეტინგის ინოვაციური ინსტრუმენტი, რომელიც პოტენციურ მომხმარებელს საშუალებას აძლევს უფრო დაწვრილებით, ნათლად და მხატრულად მიიღოს ინფორმაცია ტურსაქონლის ან ტურმომსახურების შესახებ. ამასთან, ვირტუალური ტურიზმის მიზნობრივი აუდიტორია არა მხოლოდ კლიენტები, არამედ პოტენციური ინვესტორებიც იყვნენ.

როგორც სპეციალისტები ითვლიან, ვირტუალური რეკლამა სულ ახალგაზრდაა:  იგი 10-15 წელიწადს ითვლის. ვირტუალური ტურიზმის მნიშვნელობას უკვე მთელი მსოფლიო სცნობს (მით უმეტეს 2020 წლის დადგომისთანავე პანდემიის გამო). ტურორგანიზაციები ფართოდ იყენებენ YouTube-ს, ქმნიან ახალ ვებ-ვირტუალურ თამაშებს, რათა კლიენტებს უკეთ გააცნონ თავისი პროდუქცია. მათ შორის აქტიურობენ ოტელები და სასტუმროები, რომლებიც პოტენციურ მომხმარებელს სთავაზობენ  თავიანთ სასტუმროში ვირტუალურ ვიზიტებს სპეციალური ვებ-დანართების VirtualFlam-ის  დახმარებით. მაგალითად, Mariott-ი კლიენტებს სთავაზობს TheTeleporter-ს YouTube-ზე, GoogleEarthVR-ს, ასევე SamsungTravrer-ს - ვირტუალურ ტურისტულ პლატფორმას, რომელიც პირველად იქნა წარმოდგენილი  2017 წელს MWC (MobileWorldCongress)-ზე.

Amadeus-მა თავისი შვილობილი კომპანიის Navitaire-ის მეშვეობით VR (Virtual Reality) ტურიზმის საფუძველზე შეიმუშავა ახალი საძიებო და რეზერვირების სისტემა. ავსტრიული ავიახაზები კლიენტებს სთავაზობენ თავიანთი თვითმფრინავების ინტერიერის 3600-იან დათვალიერებას myPanorama-ს მეშვეობით; ხოლო SNCF (მატარებლის დაბალფასიანი ბილეთების მოძიება) ამზადებს ვებ-დანართს   ProofofConceptVR, რათა ტურისტებმა წინაწარ მოამზადონ თავიანთი მგზავრობა.

მიუხედავად ბევრი უპირატესობისა, ვირტუალური ტურიზმი არ არის მოგზაურობის იდეალური ფორმა, მასაც გააჩნია მინუსები: არსებობს ე.წ. აგრო, კულინარიული, ღვინის, გასტრონომიული  და სხვა მსგავსი ტურები, სადაც ხდება ამა თუ იმ პროდუქტის დაგემოვნება: გემოს, სუნის, კონსისტენციის გასინჯვა. ამ შეგრძნებების მიღება ვირტუალურად შეუძლებელია.

ყოველივე ზემოთ თქმული სრულად ეხება ჩვენს ქვეყანას. საქართველოც, როგორც მსოფლიო გლობალურ ჯაჭვში ჩაბმული ქვეყანა, მნიშვნელოვნად დაზარალდა პანდემიის დროს. ტურიზმი  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი საყრდენი იყო, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტში უდიდესი შემოსავალი შეჰქონდა და ამუშავებდა მრავალ ინდუსტრიას. ტურიზმი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტად იქცა და წლიდან წლამდე მისი  წვლილი მნიშვნელოვნად იზრდება. ტურიზმი 2020 წლამდე ქვეყნის   მშპ-ს დაახლოებით 11,5%-ს აწარმოებდა. 2019 წელს ვიზიტორების მთლიანმა რაოდენობამ 935 მლნ-ს მიაღწია, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 7.8%-ით მეტია. ტურიზმმა 2019 წელს თითქმის 3.5 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მოიტანა, რაც 1,4%-ით (46,6 მლნ დოლარით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. დარგში 170 ათასი ადამიანია დასაქმებული და იგი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 2020 წელი  ფაქტობრივად ჩავარდა, რადგან დღემდე ჩაკეტილია ქვეყნის საზღვრები უამრავი ქვეყნისთვის, რამდენიმე გამონაკლისის გარდა; დრამატულად შემცირდა ტურისტთა რაოდენობა, მეტიც, ზოგიერთ ქვეყანას დღემდე მკაცრად აქვს ჩაკეტილი საკუთარი ქვეყნის საზღვრები. შესაბამისად, შემცირდა შემოსავლები ტურიზმიდან და უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.  2020 წლის მონაცემები მეტად სავალალოა: ამ წლის 6 თვის მონაცემებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 62.5%-ით შემცირდა და 1,4 მილიონი შეადგინა, მაშინ, როდესაც 2019 წლის ანალოგიურ მონაკვეთში ეს ციფრი 3.8 მილიონს აჭარბებდა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2020 წლის ვიზიტებში ყველაზე დიდი წვლილი პირველმა ორმა თვემ - იანვარმა და თებერვალმა შეიტანა, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ მოქმედებდა მკაცრი რეგულაციები. ამ მოვლენასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების ძირითადი ნაწილი ქვეყანაში 2020 წლის მარტის მეორე ნახევრიდან ამოქმედდა, 2020 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ, თებერვალში საერთაშორისო მოგზაურობის აკრძალვების შედეგად, ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 5,2%-ით, მარტში - 69,8%-ით, აპრილში - 96,8%-ით და მაისში - 96,6%-ით შემცირდა, და მხოლოდ 9,1 მლნ დოლარი შეადგინა. ეს მაშინ, როცა წინა წლის მაისში აღნიშნული მაჩვენებელი 270 მლნ დოლარს აჭარბებდა [8]. მიუხედავად ყველაფრისა, ტურიზმის  სექტორის ახლიდან ამუშავების იმედები უკვე გამოიკვეთა: გამოიკვეთა  შიდა ტურიზმის განვითარების ტენდენცია.

პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყანას კიდევ უფრო მეტი მუშაობა მოუწევს დაზარალებული ტურისტული სექტორის დასახმარებლად. მსოფლიო პრაქტიკამ ნათელყო, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელია ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და გავრცელება. ინტერნეტმა,  გარდა ინტერაქტივობისა, სიჩქარისა და უსაზღვრო ხელმისაწვდომობისა, შექმნა წინაპირობა ისეთი ინოვაციური და პარადოქსული მოვლენის გაჩენისათვის ტურიზმში, როგორიცაა "ვირტუალური ტურიზმი", "ვირტუალური ექსკურსიები", 3D ექსკურსიები, 3D პანორამები, 3D ტურები.

საქართველოც ცდილობს ფეხი აუბას მსოფლიო ნოვაციებს და შეძლებისდაგვარად “მეორე სიცოცხლე“ შთაბეროს დარგს. საქართველოში აქტიურად ფუნქციონირებს ვირტუალური რეალობის მწარმოებელი  კომპანია VRex-ი. იგი 2018 წელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტის „სტარტაპ საქართველოს” გრანტების პროგრამის მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეის ერთ-ერთი გამარჯვებულია. მან სახელმწიფოსგან 100 000 ლარის გრანტი მიიღო. კომპანია ასევე მოხვდა Google-ის 50 საუკეთესო ტექნოლოგიურ სტარტაპს შორის კალიფორნიაში და Silicon Valley-ის ინვესტორების წინაშე წარსდგა. კალიფორნიაში ვიზიტის შედეგად, VRex-მა რამდენიმე მნიშვნელოვანი კონტაქტი დაამყარა და ახლა აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს სტარტაპის ინვესტირებასთან დაკავშირებით.

VRex აქტიურად მუშაობს შემოსავლების თვითგენერირებაზე. შემოსავლების უმეტესი ნაწილი კი სამეცნიერო კვლევებისათვის  გამოიყენება.

ჯერჯერობით, სტარტაპი  B2G  ფორმატში მუშაობს. მათ პროდუქტს ის სახელმწიფო უწყებები ქირაობენ, რომლებიც საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციით არიან დაინტერესებულნი, ისინი  ამუშავებენ აპლიკაციას, რომელსაც "VRex Immersive"-ის გუნდი ქმნის და რომელიც სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში ვირტუალური მოგზაურობის შესაძლებლობას იძლევა. იგი 3600-ანი ვიდეოების საშუალებით სივრცის მაქსიმალურად კარგად აღქმას უზრუნველყოფს. ტურისტს შეუძლია ვირტულური რეალობის საშუალებით, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობაში ინტეგრირდება, თავგადასავლებისა და შეგრძნებების დონეზე გამოსცადოს თუ რას ჰპირდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კონკრეტული ადგილი თუ ტური და ამის შემდეგ მარტივად გააკეთოს არჩევანი. კომპანიამ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე გადაიღო 120-ზე მეტი ადგილი, აღნიშნულ ვიდეოებს 2014 წლიდან იღებენ და უკვე 100-ზე მეტი VR-ტურისტული ტური აქვს შექმნილი. ასევე შექმნილია ვირტუალური რეალობის პროგრამა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის სერვისს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურები საერთაშორისო გამოფენებზე საქართველოს უკეთ გაცნობის მიზნით  იყენებენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, VRex-ის მიერ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ინკლუზიური ტურიზმის VR-გადაწყვეტილება შეიქმნა – უფლისციხეში დაიდგა VR-სტენდი, რომლის საშუალებით შშმ პირებს ძეგლის დათვალიერება შეუძლიათ.

VRex-თან ამ ეტაპზე მხოლოდ სახელმწიფო უწყებები თანამშრომლობენ, თუმცა კომპანია კერძო სექტორის მიმართულებითაც გეგმავს ურთიერთობების გაძლიერებას.

კომპანიას კომუნიკაცია  ღვინის კომპანიებთანაც აქვს და უახლოეს მომავალში, დახლზე, სადაც ქართული ღვინო იყიდება, შესაძლოა, VR-ჩაფხუტიც გაჩნდეს. ღვინის მომხმარებლები შეძლებენ იმოგზაურონ მარანში, სადაც შემოთავაზებული ღვინო დაიწურა. ასევე გაეცნობიან ქვევრის ღვინის დაყენების უნიკალურ ქართულ ტრადიციულ მეთოდს.

სტარტაპი ასევე მიზნად ისახავს ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და პროდუქტის საერთაშორისო გამოფენებზე წარდგენას  და ბერლინის ITB-გამოფენისთვის ემზადება, სადაც საქართველოს საუკეთესო ტურისტულ ადგილებს დაინტერესებული ადამიანები VRex-ის ვირტუალური ჩაფხუტის საშუალებით იხილავენ.

VRex-ი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან ერთად, ასევე მუშაობს საქართველოს ატლასზე და სულ მალე შესაძლებელი იქნება წიგნში ამოკითხული კონკრეტული ადგილები VR-ისა (Virtual Reality) და AR-ის (Augmented Reality) მეშვეობით დაათვალიეროთ.

საქართველოში საგანმანათლებლო მიმართულებით  პირველი ვირტუალური რეალობის ლაბორატორია - VRLab Iliauni - შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იყენებენ სტუდენტები და პროფესორები სასწავლო და კვლევითი მიზნებისთვის. ეს შეიძლება იყოს ვირტუალურად დაპროექტება და დიზაინი, სიმულაციებისა და პროტოტიპების შექმნა, სწავლების ვიზუალიზაცია და ასე შემდეგ.

VR და AR დღეს საკმაოდ სწრაფად ვითარდება და მომავალში კიდევ უფრო ფართო გამოყენებას გვპირდება. კომპანია Digi-Capital-ის ანალიზის მიხედვით, 2016 წელს VR-მა და AR-მა $3.9 მილიარდი შეადგინა. International Data Corporation-ი კი ვარაუდობს, რომ VR/AR პროდუქციისა და მომსახურების გლობალური დანახარჯები 2021 წლისთვის $215 მილიარდი იქნება, შედეგად წლიური ზრდის ტემპი 100%-ს გადააჭარბებს. წამყვანი დეველოპერები მუდმივად მუშაობენ ახალი მიმართულებების დახვეწასა და განვითარებაზე, რის საფუძველზეც მომავალში მისი კიდევ უფრო ფართო მასშტაბებით დანერგვა შეგვიძლია ვივარაუდოთ, მათ შორის საქართველოშიც:  ტურიზმის 3 საინფორმაციო ცენტრში - თბილისში, გორსა და მცხეთაში ვირტუალური რეალობის აპარატები დაიდგმება. ცენტრების ვიზიტორები ამ აპარატების საშუალებით 100-მდე ტურისტული ობიექტის სფერულ ვიდეო-გამოსახულებებს ნახავენ, რაც უცხოელ ტურისტებს ამ ობიექტების რეალურად მონახულების სურვილს გაუჩენს.

ქართული ტურისტული ბაზარი სხვადასხვა სახის სიძნელეებს აწყდება. მაგ., ქართულ ბაზარზე  ნათლად ჩანს, რომ  ნებისმიერი ტურისტული  სერვისის ქართველი მომხმარებლები (რომლებიც მოგზაურობენ საქართველოს ფარგლებში და საზღვარგარეთაც) არ იცნობენ კერძო ან სახელმწიფო სექტორის მიერ ტურიზმისთვის შექმნილ ინოვაციურ ციფრულ მოდელებს: პოპულარულ უცხოურ ტურისტულ საიტებსა და მობილურ აპლიკაციებს; ასევე პრობლემას წარმოადგენს ენობრივი ბარიერი უცხოელ ტურისტებთან, უცხო ენის ცოდნის დაბალი დონე; არ გვაქვს ისტორიული გამოცდილება ტექნოლოგიური ბიზნესის შენების და შესაბამისად არ გვყავს ტექნოლოგიების მიმართულებით კვალიფიციური კადრები; ასევე სახელმწიფო სექტორი არაეფექტურად ეხმარება კერძო ტექნოლოგიურ სექტორებს. ამ პრობლემათა მოსაგვარებლად საჭიროა სახელმწიფოს მეტი ჩართულობა, ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა გადამზადება და სექტორის მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტება. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ტურიზმის სფეროში არსებული ციფრული შეთავაზებების, კერძოდ ვირტუალური ტურიზმის ცნობადობის ამაღლებისათვის  მათი ბრენდინგი და ხშირი მარკეტინგული აქტივობები. ტურისტული ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ის ციფრული პროდუქტები, რასაც ქართული ბაზარი სთავაზობს ტურისტებს, არის ძირითადად ერთი სახის (აპლიკაცია) და თითქმის ერთმანეთის მსგავს მომსახურებას უწევს მათ. საჭიროა ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებით ინტეგრირება, რათა ტურისტებს ჰქონდეთ საშუალება, მიიღონ მრავალფეროვანი, თანამედროვე სტანდარტების მომსახურება.

დასასრულ, როგორც აღვნიშნეთ, ვირტუალური ტურიზმი ამძაფრებს საინტერესო ადგილების საკუთარი თვალით ნახვის სურვილს და ამით სტიმულირებას უწევს რეალურ მოგზაურობას. ვირტუალური ტურები წარმოადგენს რეკლამის არაჩვეულებრივ საშუალებას, ხოლო, როგორც ვიცით, რეკლამა ეკონომიკის ერთ-ერთი ძლიერი მამოძრავებელია. გარდა ამისა, თვითონ ტუროპერატორები ადვილად ეცნობიან ერთმანეთის საქონელს და ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი ტურიდეები, რათა არ წააგონ მწვავე კონკურენტულ ბრძოლაში. დღეს ვირტუალური ტურიზმი დარგში ჯერ კიდევ დამხმარე როლს ასრულებს, თუმცა მას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და მალე იგი შეიძლება წამყვან ძალად მოგვევლინოს (მით უფრო, თუ პანდემია, სამწუხაროდ, დიდხანს გაგრძელდება).

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. http://www.allbest.ru/. Шамликашвили В.А. - Виртуальный туризм как новый вид туризма.
  2. rb.ru›Авторские колонки›travel-services ...Виртуальный туризм
  3. Виртуальный туризм: проблемы становления... 
  4. referat911.ru›Turizm/virtualnyj-turizm-problemy…i… 
  5. Виртуальный туризм knowledge.allbest.ru›Спорт и туризм›…_0.html
  6. Тема 8.Технологии виртуальной реальности в сфере...it-tourism.jimdofree.com›…виртуальные-путешествия
  7. Виртуальный туризм становится реальностью traveldon.ru›stati-o-turizme-i…virtualnyj-turizm/
  8. მომავლის ტექნოლოგიის ქართული ... www.entrepreneur.com › article
  9. saqarTvelos ekonomikisa da mdgradi ganviTarebis saministros wliuri angariSgebiTi masalebi. www.economy.ge
  10. ტურიზმის საინფორმაციო ... www.oktravel.ge › blog › ტურიზმი...
  11. ტურიზმი, საქართველო და ... - ISO Consulting www.isoconsulting.ge › single-post
  12. ვირტუალური რეალობა ... - Forbes Georgia forbes.ge › blog › virtualuri-realoba-... VRex - ვირტუალური რეალობა ... popx.ge › article › 3556-vrex-virtual...